gem fest

GEM Fest: შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკი

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი დღეს ფესტივალზე ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. GEM Fest-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფესტივალი დაარსების დღიდან ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ აქტიურ კამპანიას ეწევა. 

მათი თქმით, ისინი შესაბამის ორგანოებთან ერთად ფესტივალის ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ, ამ მიზნით კი, თითოეული ვიზიტორის ბილეთის სკანირება და პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება.

"შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი, რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს!" - წერია განცხადებაში. 

დღეს ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მასთან ერთად ინტოქსიკაციით საავადმყოფოში კიდევ 6 პირი გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები