ზაზა ფაჩულია

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა.

"ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას. ის ჩვენს გვერდით იყო მაშინაც, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებისათვის და განაცხადა, რომ შეეცდება, ღირსების ორდენი ღირსეულად ატაროს.

„რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და საკალათბურთო კლუბის Golden State Warriors წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები