ლატარია

ჰოლდინგმა, რომელიც კავკასუს ონლაინს ფლობს ლატარიის ჩატარების ლიცენზია მიიღო

safebee.com

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბიზნეს ჰოლდინგმა "სი ბი ეს ჯგუფმა" ლატარიის ჩატარების ნებართვა მიიღო. 

კომპანია სახელად "ჯი ენ ელ" ლატარიის გათამაშებას სექტემბრიდან დაიწყებს და ის წამგებიან სახელმწიფო კომპანია "საქართველოს ლატარიის კომპანიას" ჩაანაცვლებს. ფინანსთა სამინისტრომ ახალ კომპანიას ლატარიის ლიცენზია 2027 წლამდე გადასცა.

საჯარო რეესტრში "ჯი ენ ელის" ამონაწერიდან ირკვევა, რომ მისი 75%-ის მფლობელია კობა ღურწკაია, ის "სი ბი ეს ჯგუფის" გენერალური დირექტორია და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მართვაშიც მონაწილეობს. "სი ბი ეს ჯგუფი" 2013 წელს ბიზნესმენებმა ხვიჩა მაქაცარიამ და თეიმურაზ არონიამ დააფუძნებს. კომპანიის მართვაში ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები შედიან.

სი ბი ეს ჰოლდინგის წევრები არიან:

  • კავკასუს ონლაინი
  • შპს მობიტელი (ბილაინი)
  • თბილისის მიკროავტობუსი
  • სასტუმრო ინტურისტი
  • რკინიგზის ტელეკომი
  • სარეკლამო კომპანია ელეფანთი და სხვები

რაც შეეხება "ჯი ენ ელის" 25%-იან წილს, მისი მფლობელია კომპანია "ნიუ გეიმსი" რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია.

რატომ იხურება არსებული ლატარიის კომპანია

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ" ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას ბიუჯეტის წინაშე 200-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა.

სახელმწიფოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკუთვნის, რის გაყიდვასაც 2016 წელს ცდილობდა, თუმცა ვალებით დამძიმებული კომპანიის ყიდვაზე ინვესტორებმა უარი თქვეს. საბოლოოდ 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც "ჯი ენ ელმა" გაიმარჯვა.

კომენტარები