ელექტრომობილი

Tesla მოდელ 3-ის დასაფინანსებლად $1.5 მილიარდი დოლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

Reuters

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, $1.5 მილიარდის ღირებულების ობლიგაციებს გამოუშვებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ვალის მოზიდვით მიღებული ფინანსები მასობრივ ბაზარზე გათვლილი ელექტრომობილის "მოდელ 3"-ის წარმოებას მოხმარდება.

კომპანია ახალი ელექტრომობილის წარმოებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. მხოლოდ წლის მეორე კვარტალში კომპანიამ ნაღდი ფულის სახით $1.6 მილიარდი დოლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა ნევადაში ბატარეებისა და ელექტრომობილების მეგასაწარმოს მშენებლობასა და მოდელ 3-ის საწარმოო ხაზის შექმნაზე დაიხარჯა.

მოდელი 3-ის ღირებულება $35 ათასიდან იწყება და მას ერთი დატენვით 350 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილი ავტონომიური მართვის პროგრამითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც მას მაგისტრალზე დამოუკიდებლად მოძრაობა შეუძლია.

მოდელი 3-ის შესაძენად წინასწარი რეგისტრაცია დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გაიარა, მათი უმეტესეობა ავტომობილს 2018 წელს მიიღებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ Tesla-ს "მეგასაწარმოს" სრული დატვირთვით მუშაობა ჯერ არ შეუძლია. Tesla-მ მოდელი 3-ის მეორე ვერსიაც წარადგინა, რომელსაც ერთი დატენვით 498 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი ღირებულება $44 ათასიდან იწყება.

Tesla-ს ხელმძღვანელის ელონ მასკის თქმით, მოდელი 3-ის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა რომ არა შედარებით ძვირადღირებული ავტომობილების Model s-ისა და Model X-ის გაყიდვები (თითეულის ფასი დაახლოებით $100 ათასია), რადგანაც კომპანია ამ ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას სრულად მასობრივ ბაზარზე გათვლილ მოდელ 3-ში აბანდებს. 

მასობრივ ბაზარზე გათვლილი, გრძელმანძილიანი (ერთ დატევნაზე 498 კილომეტრი) ელექტრომობილი წარადგინა Chevrolet-მაც. Chevy Bolt-ის ღირებულება $37 ათასიდან იწყება. Tesla-სგან განსხვავებით Bolt-ს გზატკეცილზე ავტონომიურად მართვის ფუნქცია არ აქვს.

2022 წლიდან იაპონური ავტოგიგანტი Toyota სწრაფად დატენვადი ელექტრომობილების გაყიდვის დაწყებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ავტომობილის სრულ დატენვას ნახევარ საათზე ნაკლები დაჭირდება და მას დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა შეეძლება. 

გრაფიკი, რომელიც ელექტრომობილების რევოლუციას მოასწავებს:

უახლოესი 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმის დაწყებაა მოსალოდნელი. დღეისთვის ელექტრომობილის შედარება შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისის მობილურთან. 1990-იანების დასაწყისში მობილური თითქმის არავის არ ჰქონდა, თუმცა ათწლეულის მანძილზე მობილურების მასობრივი წარმოების შედეგად მისი ფართო გავრცელება მოხდა. მეტიც, გასულ საუკუნეში შექმნილი ყველა ახალი ტექნოლოგიის ათვისება მსგავსი ტემპით მოხდა. ტექნოლოგიის განვითარების თავდაპირველ წლებში მისი გავრცელება საკმაოდ დაბალია, ტექნოლოგიური პროგრესისა და მასობრივი წარმოების შედეგად კი დაახლოებით 10-15 წლის პერიოდში მისი ძალიან მაღალი ტემპებით გავრცელება ხდება. ასე მოხდა კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელევიზორის, რადიოს, მაცივარისა და სხვა ათობით დასახელების პროდუქტის შემთხვევაში. ტექნოლოგიების ათვისების მსგავს პროცესს S მრუდს უწოდებენ. 

ელექტრომობილების შემთხვევაშიც მსგავსი ტრენდი შეინიშნება. დღეისთვის ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ყველაზე მაღალი ნორვეგიაშია, სადაც 2016 წელს შეძენილი ავტომობილების 26% ელექტრომობილი იყო, შედარებისთვის 2013 წელს ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი 6%-ს შეადგენდა. გლობალურად კი ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ავტომობილია, საიდანაც ელექტრომობილი დაახლოებით 2 მილიონია.

მთავარი გამოწვევა, რაც ელექტრომობილებმა უნდა გადალახონ ელექტრობატარეის ტევადობის ზრდა და დატენვის დროის შემცირებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე 2030 წლისთვის ახალი ელექტრომობილის ღირებულება შიგა წვის ავტომობილის ღირებულებაზე ნაკლები იქნება.

კომენტარები