აგვისტოს ომი

ნანუაშვილი: გამყოფ ხაზთან მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევა გამოწვევად რჩება

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავ ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომის შედეგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.“ - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების რთულ საცხოვრებელ პირობებს უსვამს ხაზს.


„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრ გ.ხ.-ს სულ ერთი თვის წინ შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დაანონსა, საარსებო წყაროებზე - საკუთარ მიწებსა თუ საძოვრებზე წვდომას უზღუდავს გამყოფი ხაზის მოსახლეობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ არცევისა და იკორთის მკვიდრნი კი ომიდან 9 წლის შემდეგაც სრულ იზოლაციაში არიან. 2012 წელს გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ ადგილობრივები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან, თუმცა ვერც ცხინვალის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტების არ ქონის გამო.“ - წერია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. 
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები