აგვისტოს ომი

შერიგების სამინისტრო: აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა

ქართველი სამხედროები დაჭრილ მოქალაქეს ეხმარებიან. გორი, აგვისტო 2008
Reuters

საქართველოს შერიგების სამინისტრო აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია აღარ უნდა დავუშვათ ომი და პროვოკაციებში ჩათრევა. სამინისტროს მიერ განრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი აირჩია, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.

„ჩვენ ერთად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ. აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა. უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მშვიდობიან უკეთეს მომავალზე. ეს კი გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, დიალოგს და შერიგებას. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების ცალსახად მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც დარწმუნებული ვართ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს არის ქვეყნის დეოკუპაციის და კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების შერიგების გზა. ერთიან ევროპულ სახელმწიფოში თანაცხოვრება, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიის ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში.

„რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ღიად, ტანკებით, აგრესიით და უზარმაზარი ნახტომით კავკასიონის ქედს მიღმა, სადაც გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ჩვენს დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ომის შედეგად სახლებიდან გამოიდევნა ათასობით ადამიანი, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიკადებით შემოსაზღვრული, რაც უამრავ პრობლემას უქმნის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. ამ ომს გამარჯვებული არ ყავს ჩვენი საზოგადოებების სახით. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი. 9 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდგომ და ეს საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ დავინახოთ და შევაფასოთ ომის მძიმე შედეგები; გავაცნობიეროთ, რომ შექმნილი ვითარება, განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში. ჩვენ ყველა ვზარალდებით.“ - წერია განცხადებაში.

დღეს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება

 

კომენტარები