ბიტკოინი

ბიტკოინი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ერთი ბიტკოინი $3480 ღირს

flickr.com

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება მეორე დღეა მკვეთრად იზრდება. 8 აგვისტოს მდგომარეობით ერთი ბიტკოინის ღირებულება $3 480 დოლარია. ჯერ კიდევ გუშინ ბიტკოინი ამაზე $100 დოლარით ნაკლები ღირდა.

ბიტკოინის ღირებულება 1 აგვისტოს მისი გაყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად იზრდება. 1 აგვისტოდან ბიტკოინი ორად გაიყო, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი კრიპტოვალუტა Bictoin Cach. გაყოფის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გასულ კვირაში $2900-დან $2700-მდე შეამცირა ბიტკოინის ღირებულება, თუმცა ამ კვირაში კრიპტოვალუტამ მკვეთრი ზრდა დაიწყო და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ახალი ვალუტა Bictoin Cach-ის ღირებულება კი ამ დროისთვის $353-ია. 

რა სხვაობაა Bitcoin-სა და Bitcoin Cash-ს შორის:

ამაზე პასუხისთვის საჭიროა იმის ცოდნა თუ რა პრობლემის წინაშეა ბიტკოინი. 

ბიტკოინზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მის ქსელი გადატვირთულია, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ქსელი, რომელმაც დღევანდელი სახე დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო, ამ დატვირთვას ვერ უძლებს.

ბიტკოინის გაყოფის მიზეზი კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები გახდა. 

მაინერების ერთი ნაწილი, ე.წ "ძირითადი დეველოპერები" მოითხოვდნენ, რომ რვაჯერ გაზრდილიყო იმ ბლოკჩეინ ბლოკების ტევადობა, რომლითაც ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება. ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა, თუმცა ბიტკოინის მესვეურებმა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, გაეზარდათ ბლოკჩეინ ბლოკების მოცულობა დღეს არსებული ერთი მეგაბაიტიდან - ორ მეგაბაიტამდე.

"ძირითადი დეველოპერების" აზრით, ეს ზრდა უმნიშვნელოა და კრიპტოვალუტას მომავალში ისევე შეუქმნის პრობლემებს, ამიტომაც მათ ბიტკოინის გაყოფა გადაწყვიტეს. დეველოპერებმა შექმნეს ახალი კრიპტოვალუტა, რომლის სახელიცაა Bitcoin Cach და ის 8-მეგაბაიტიანი ბლოკჩეინ ბლოკებისგან შედგება.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება) დაახლოებით $37 მილიარდია.

კომენტარები