მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს ლიტვის მოქალაქეობის მიღებაზე: მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა

Tomas Kazulenas / Twitter

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციაზე სააკაშვილმა ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს.

"მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი გაბრაზებულია ამ ფაქტით და იმედგაცრუებულად იგრძნობენ თავს, თუ მე არ ვიბრძოლებ", - დასძინა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ლიტველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი მიხეილ სააკაშვილისთვის ბინადრობის უფლების, მოგვიანებით კი ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინციატივით გამოვიდა.

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილსა და დოკუმენტში ჩამოთვლილ სხვა პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

კომენტარები