აგვისტოს ომი

მედვედევი: ბარბაროსობა უნდა შეგვეჩერებინა, რუსეთმა სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარა

wikipedia.org

რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. მედვედევი საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ რუსეთი 2008 წელს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად იბრძოდა და მათ დასაცავად კრემლი ყოველთვის მზად არის.

"აგვისტოს ამ დღეებში ვიხსენებთ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს - თავდასხმა მშვიდად მძინარე ცხინვალზე და რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციებზე საქართველოს იმ დროინდელი მთავრობის მიერ ორგანიზებული და შესრულებული იყო, თანაც სრულიად ცინიკურად და უღირსად. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ დაიღუპნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები.

ეს ბარბაროსობა უნდა შეგვეჩერებინა და რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომლის მიზანიც მშვიდობის დამყარება იყო. სხვანაირად მოქცევა არ შეიძლებოდა. როგორც კანონის, ასევე სინდისის დონეზე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. ვსაუბრობ, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. დაგვეცვა ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებმაც შეასრულეს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერით და ჩვენ ისინი დავიცავით.

უნდა ვაღიარო - 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეეძლო საკუთარ სახლში მძინარე მოხუცები, ქალები და ბავშვები "გრადებიდან" დაეხოცა, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო მძიმე და სასტიკი მაგალითებიც გვაქვს. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები", - წერს მედვედევი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები