გირჩი

გირჩის მიერ ფაეტონით მიტანილი 28 ათასი ხელმოწერიდან ცესკომ დასაშვებად მხოლოდ 13 ცნო

Facebook/Iago Tertön Khvichia

ცესკომ სამართლებრივი დარღვევების გამო გირჩის მიერ უწყებაში 31 ივლისს ფაეტონით მიტანილი ხელმოწერები დასაშვებად არ ცნო. ცესკოს მიერ ტაბულასთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით 28 ათასი ხელმოწერიდან დასაშვებად მხოლოდ 13 ჩაითვალა. ამ გადაწყვეტილების შედეგად გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერები ყალბი იყო, თუმცა ისინი ფორმალურად რეალურ ხელმოწერებს საკმაოდ ჰგავდნენ. ის რომ პარტია ცესკოში ყალბი ხელმოწერების შეტანას გეგმავდა თავად ზურა ჯაფარიძემაც განაცხადა. მისი თქმით, ამით გააკეთებდნენ იმას, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ჩუმად აკეთებდნენ. 

"ჩვენ ამას გავაკეთებთ საჯაროდ, რომ თქვენთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობაა ეს საარჩევნო პროცესი,"- თქვა ჯაფარიძემ. 

ტაბულასთან საუბარში გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ცესკო "ხელმოწერების ნამდვილობას" რეალურად არ ამოწმებს, მათი ყველა ხელმოწერების დაწუნების მიზეზი კი 2 სახის დარღვევა გახდა.

ესენია:

1) დაბადების თარიღი არ წერია ოთხნიშნა ციფრით ანუ 19.05.1984 - ს ნაცვლად ეწერა 19.05.84

2) მისამართში არ წერია ქალაქი მაგ. თბილისი, გლდანის მე-4 მკრნ კორპ. 17. ბინა 22. ამის ნაცვლად წერია გლდანის მე-4 მკრნ კორპ.17. ბინა 22

"სასაცილო ბიუროკრატიული აბსურდია ქვეყნის საარჩევნო სისტემა, ყალბი ხელმოწერები მოსულა მაგრამ 1984 ნაცვლად 84-ის ჩაწერა არა", - ამბობს ხვიჩია.

ხელმოწერების ღიად გაყალბებას გირჩმა რიგით მეორე "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი" უწოდა. პირველი 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ღიად მარიხუანას კულტივაცია იყო, რის გამოც, აქტის ორგანიზატორობის ბრალდებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 500 ლარით დააჯარიმეს. 

კომენტარები