თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელენე ხოშტარია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სხვადასხვა უბანში იცხოვრებს

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში  სხვადასხვა უბანში იცხოვრებს,  რათა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს უკეთ გაეცნოს და მოქალაქეებთან უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდეს. ხოშტარიას თქმით, ის რამდენიმე ღამე იქნება ხოლმე კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ მოქალაქესთან და ექნება ბევრად უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა მათთან. 

„საარჩევნოდ მოხვალთ" - არ უნდა იყოს ურთიერთობის ფორმა. მივხვდი - რატომაც არ გავატარო მეტი დრო ამ ადამიანებთან. რამდენიმე ღამე ვიქნები კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ მოქალაქესთან და გვექნება ბევრად უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ ვიცხოვრო ყველა უბანში, მარტივი არ იყო. პარტიაში ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე, მაგრამ მთავარი ჩემი არგუმენტი აქ იყო ის, რომ პროცესებს შეხედო ამ ადამიანების თვალით, არის ბევრად უფრო ფასეული, ვიდრე თუნდაც კონკრეტული პიარ შედეგი, რომელიც ამან შეიძლება მოიტანოს. მთელ საარჩევნო პერიოდს მე გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვიცხოვრო აბსოლუტურად ყველა უბანში. ორი თვის განმავლობაში რამდენიმე დღე. ეს წინასწარ მექნება ყველასთვის ნათქვამი, იმ უბნის ჩვენს პარტიულ ოფისში ვიმუშავებთ, მთელი ჩემი შტაბი იქ იქნება. ყველა სპეციფიკურ ადგილას, ყველა პრობლემურ ადგილას მინდა, რომ მოვახერხო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, კონკრეტულად საარჩევნოდ ახლა მე ეს რას მომიტანს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ნდობას მომიტანს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია.“ - ამბობს ხოშტარია.  

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. 

კომენტარები