ტურიზმი

რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში

flickr.com

2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში უცხოეთის 4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა. ამ 4 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 1.8 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

იმას თუ რას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში ქვეყნის ეროვნული ბანკი ითვლის. სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის 6 თვეში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $1091 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია.

ამავე პერიოდში (იანვარი-ივნისი) საქართველოში 1.3 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა. შესაბამისად, საშუალო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა აღნიშნულ პერიოდში $832 დოლარია.

ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში მაღალი ტემპით იზრდება სასტუმრო ნომრების რაოდენობაც. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა, მათში კი ნომრების რაოდენობა 26.8 ათასს შეადგენს. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ ნომრებში კი ადგილების (საწოლების რაოდენობა) 65.1 ათასია, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით მეტია. ეს ნიშნავს, რომ სრული დატვირთვის შემთხვევაში საქართველოს სასტუმროებს ერთდროულად 65 ათასი სტუმრის მიღება შეიუძლიათ.

წელს ქვეყანაში 31 დიდი ზომის სასტუმრო გაიხსნა, მათ შორის: Wyndham Batumi - 146 ნომერი, Sky Tower Hotel Batumi - 101 ნომერი, Ibis Styles Tbilisi - 119 ნომერი და სხვა.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები