ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს

gov.ge

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ პარკირების მენეჯმენტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. კახა კალაძე ამბობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული მძღოლების და ქვეითების ინტერესები.

"როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც რეალურად თბილისელებს მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისში საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა და თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია, შეიძლება ითქვას, რომ აქ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია. ხშირად ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან კომპანიის გაშვებაზე, რაც მგონია, კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე.

მე მგონია, რომ საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა. მე მგონია, რომ სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება მათი უფლებები დაცული. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ მთლიანად იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის, რაც თბილისელებს სჭირდებათ. ეს იქნება პარკინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაწილია”, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები