ქართული ოცნება

კვირიკაშვილი: გათავისუფლებული გუბერნატორები სხვა პოსტზე გააგრძელებენ მუშაობას

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

"ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას", - ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ გათავისუფლებულ გუბერნატორებზე.

რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობები გუშინ დატოვეს. პრემიერმა მათ მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა რომ ახალ გუბერნატორს უახლოეს მომავალში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ გია სალუქვაძის ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ფოთში, ზუგდიდსა და ხობში წამებისა და არაადამიუანური მოპყრობის ამსახველი ფილმის - "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" საჯარო ჩვენებები მოეწყო, რომლებსაც ბავშვები დაესწრნენ. 

"ჩვენი ფოკუს-ჯგუფი არ იყო ბავშვები, ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის ამ ფილმის წარდგენა. არანაირი გათვლა იმაზე, რომ ჩვენს ორგანიზაციას, გია სალუქვაძეს - 4 შვილის მამას, რომ ფოთში, ზუგდიდში, ხობში ან სხვაგან დამხვდებოდნენ ბავშვები, ფიქრიც არ შემეძლო და არც იყო ეს ჩემი მიზანი. იქ თუ ბავშვები მოხვდნენ დარბაზში, ამის ორგანიზებას მე ვერ გავაკეთებდი", - ამბობდა სალუქვაძე 2015 წლის მარტში.

2015 წლის მაისში გია სალუქვაძე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად დანიშნა.

ის რომ აღნიშნული კადრების ჩვენება მისი ორგანიზებული იყო სალუქვაძე თავადაც ადასტურებდა, თუმცა 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილმა, კითხვაზე დატოვებდა თუ არა პოსტზე გია სალუქვაძეს მის მიერ არასრულწლოვნებისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენების მიუხედავად, პრემიერმა განაცხადა:

"მე გადავამოწმე არსებობდა თუ არა ასეთი მონაცემები, გურიის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობით. ასეთი მონაცემები ვერ მოვიძიე, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ ჩვენების მოწყობაში", - ამბობდა კვირიკაშვილი.

კომენტარები