შევარდნაძის სახლმ-მუზეუმი

სოფელ მამათში შესაძლოა ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნას

ლანჩხუთის საკრებულო

სოფელ მამათში შესაძლოა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნას. ინიციატივა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის და ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ განათავსეს. საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ინიციატივის საფუძვლად ტურისტების დიდი ინტერესია დასახელებული.  

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში, უდიდესი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის საფუძველზე, მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება. აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას დადებითად შეხვდნენ ბატონი ედუარდის ოჯახის წევრები.“ - წერია ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ წერილსაც ავრცელებს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ძმისშვილმა ნუგზარ შევარდნაძემ გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ სახლი ამჟამად ნუგზარ შევრდნაძის საკუთრებაშია და ის თანახმაა სახლი და ეზო მუნიციპალიტეტს გადასცეს სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად.

,, სოფელ მამათში არსებული მამა-პაპისეული სახლი, სადაც გაიზარდა და ცხოვრობდა ჩემი ბიძა, ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ამჟამად ჩემს საკუთერებაშია და მზად ვარ იქ არსებული ქონება, სახლი და ეზო გადმოვცე მუნიციპალიტეტს მემორიალური სახლ- მუზეუმის განსათავსებლად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საფუძველი ჩაეყრება ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის დარსებას და დაცული იქნება მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მემკვიდრეობა.” - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარისათვის ნუგზარ შევარდნაძის მიერ გამოგზავნილ წერილში .

 

კომენტარები