ბექა ხახუბია

დეპუტატის შვილის ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარუდგინა. სასამართლომ დევნაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორებსა და მათ ათმეთაურს აღკვეთის ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებული თანამდებობიდან გადააყენა.

თავდაპირველად, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობდა, ახლა კი, პოლიციელებს ბრალდება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში შსს-მ შიდა ქართლის საპატროლო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

17 მაისს, გორის გვირაბიდან გამოსული ბექა ხახუბიას მანქანა, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. ტრაილერისა და ევაკუატორის მძღოლების თქმით, მათ პოლიციამ გორის გვირაბთან ჩქაროსნული მაგისტრალი გადააკეტინა, რასაც მალევე,გვირაბიდან გამოსული BMW X6-ის ავტომობილის ტრაილერთან შეჯახება მოჰყვა. ავარიის შედეგად საჭესთან მყოფი 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. მათი თქმით, გვირაბიდან გამოსული მძღოლი, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, შეჯახების არიდებისთვის დროულად დამუხრუჭებას ვერ მოასწრებდა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავ ბექა ხახუბიას საპატრულო ეკიპაჟი გორთან აედევნა. მძღოლი პოლიციის მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები დევნას არ წყვეტდნენ, ის ხაშურის ცენტრში მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ზვიად კუპრავას მტკიცებით, ურჩი მძღოლის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციამ გორის გვირაბის გამოსასვლელთან გზა ტრაილერით ჩახერგა, რითიც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი უხეშად დაარღვია. 

კომენტარები