sarahah

რა მონაცემებს აგროვებს Sarahah? - პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის განცხადება

androidauthority.net

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მომხმარებლებს ურჩევს, პოპულარული აპლიკაციის Sarahah-ის რეგისტრაციისას, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე, ყურადღებით გაეცნონ აპლიკაციის წესებსა და პირობებს. აპარატი აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების 300 მილიონზე მეტი მსურველიდან, რამდენი გაეცნო აპლიკაციის წესებსა და პირობებს (Terms and Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Policy).

"ყურადღებით გაეცანით აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზეთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასეთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი" - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის მომზადებულ მასალაში.

რა წერია წესებსა და პირობებში?

„ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს აპლიკაცია. Sarahah-ი, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. 

ამასთან, აპლიკაციის წესების მიხედვით, ყველა მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ეთიკის ფარგლებში და თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან. საიტი იტოვებს უფლებას, დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი და წაშალოს ნებისმიერი მესიჯი ან ანგარიში, თუ ამას ვებგვერდის მენეჯმენტი საჭიროდ მიიჩნევს. Sarahah ასევე, უფლებას იტოვებს, მოგწეროთ e-mail-ები, მათზე უარის თქმის შესაძლებლობით.

რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში წერია, რომ აპლიკაცია აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე IP მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. 

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანიის მტკიცებით, ყოველთვის დაიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას.

"თუმცა, ამავე დროს აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად.“ - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას იტოვებს და აღნიშნავს, რომ „ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში".

ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?

„Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული (logged in) მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე“ - პასუხობს აპლიკაცია. აღსანიშნავია, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

კომენტარები