საქართველო-უკრაინა

რუსი პრანკერი: მზად ვართ საქართველოს შს მინისტრთან საუბრის ფაქტი დავამტიკიცოთ

East2WestNews

რუსმა რანკერმა ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) რადიოსადგურ Говорит Москва-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრანკერები მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცენ.

"ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ცდილობს ჩვენთან საუბარი უარყოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით ამ ჩანაწერებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის სააგენტოს. ფაქტი ყოველთვის დასტურდებოდა. ჩვენ შეგვიძლია მინისტრის პირადი მობილურის ნომერიც წარვადგინოთ თუ ეს საჭირო გახდა. ვფიქრობ, მისმა გარემოცვამ ეს ნომერი იცის", - თქვა სტოლიაროვმა.

სტოლიაროვის თქმით, მინისტრმა მათ ღია სატელეფონო კავშირის დროს საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

"შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის", - თქვა სტოლიაროვმა.

ლექსუსმა ისიც აღნიშნა, რომ საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა და ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა.

Страна.ua-ს მტკიცებით, მათ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ცნობილი რუსი პრანკერი ლექსუსი საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. მღებრიშვილი ჩანაწერში სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, დაკავების შემთხვევაში ის საქართველოს არ გადმოსცენ. მღებრიშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. მათი განცხადებით, არასერიოზულია დაშვება, რომ მინისტრები ასეთ თემებს ტელეფონით განიხილავენ

კომენტარები