ხმაური

ხმაურის კანონი ძალაში შედის - 23:00-ის შემდეგ ფეიერვერკები იკრძალება

flickr.com

15 აგვისტოს ძალაში შედის ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ხმაურზე რეგულაციები წესდება.

დღეს საღამოს 23:00-დან თუ ფეირევერკების ხმამ შეგაწუხათ პოლიციისთვის მიმართვა შეგეძლებათ. ამავდროულად, იკრძალება სხვა ტიპის ხმაურიც, მაგალითად ღამით სამშენებლო ხმაური ან გასართობი დაწესებულებების ხმაური.

23:00-დან დილის 08:00-მდე პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირები პირველ ჯერზე 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში ფეიერვერკების ხელახალი გასროლის შემთხვევაში ფიზიკური პირები 300 ლარით, იურიდიული პირები კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. 

კანონი რამდენიმე გამონაკლისსაც აწესებს, როდესაც ფეირვერკების 23:00-ის მერე გამოყენება დასჯადი არ იქნება, ესენია 31 დეკემბრი - 2 იანვარის მონაკვეთი და 14 იანვრის ღამე. ასევე, 26 მაისი და 9 აპრილი.

სხვა ტიპის ხმაურის (გასართობი დაწესებულებები და სხვა) პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

მთავრობამ 3 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლითაც ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე განისაზღვრა. ღამის ხმაურის დასაშვები დონე 55 დეციბელია.

ევროკავშირის ქვეყნებში ღამის ხმაურის ზღვრული დონე ასე გამოიყურება:

  • საფრანგეთი - 62 დეციბელი
  • გერმანია - 49 დეციბელი
  • ნიდერლანდები - 40 დეციბელი
  • ფინეთი - 46 დეციბელი
  • შვედეთი - 51 დეციბელი
  • უნგრეთი - 55 დეციბელი
  • ლატვია - 40 დეციბელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მოქმედებს კანონი ხმაურის კონტროლის შესახებ. გარდა ფედერალური კანონისა, შტატების და ქალაქების დონეზეც არსებობს ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ნიუ-იორკში მოქმედებს ხმაურის შესახებ კანონი (Noise Code), რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირი ჯარიმდება 250 დოლარით პირველ ჯერზე, განმეორებით შემთხვევაში - 500 დოლარით, მესამე ჯერზე - 750, ხოლო მეოთხე ჯერზე - 1000 დოლარით.

ლატვიაში მოქმედებს კანონი „გარემოს დაბინძურების შესახებ“. წესების დარღვევის გამო ჯარიმები მოცემულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის ხმაურის წესების დარღვევისათვის ჯარიმაა 30-355 ევრო, ხოლო იურიდიული პირებისთვის 70-700 ევრო.

კომენტარები