მერია

მერია: აღმაშენებლის გამზირზე უნებართვო ღია ბარების დემონტაჟი მოხდება

თბილისის მერია

აღმაშენებლის გამზირზე დღეს 14-მა მეპატრონემ ბარი დროებით დახურა, ამის მიზეზი თბილისის მერიის მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მერიამ ბარებს, რომლებსაც გზის სავალ ნაწილზე მაგიდები და სკამები უნებართვოდ ჰქონდათ გაშლილი აღნიშნული ტერიტორიის დემონტაჟი დაავალა. დედაქალაქის ხელისუფლებამ კაფე-ბარების მფლობელებს ვადა 14 აგვისტომდე მისცა.

იმ შემთხვევაში თუ კაფეები გზის სავალ ნაწილზე ოპერირებას გააგრძელებენ 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. 

"თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 2-ს ამ დრომდე ქმედება არ განუხორციელებია.

კაფე-ბარების მეპატრონეებს ვადა 14 აგვისტომდე მიეცათ, რის შემდეგაც კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. 16 სამართალდამრღვევი სუბიექტიდან 7 კაფე-ბარის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ქართველია, ხოლო 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე", - წერია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, სპეციალური ლიცენზიის გარეშე მსგავსი ტიპის ბარების საქმიანობა დაუშვებელია. მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში ღია კაფეების მოწყობისთვის სავალდებულო პროცედურებს გაივლიან, ისინი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. 

კომენტარები