ღვარცოფი

ყაზბეგის საბაჟო ღვარცოფის რისკის გამო მუშაობას წყვეტს

საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი
rs.ge

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი დროებით მუშაობას წყვეტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხეობაში ღვარცოფის წარმოშობის გაზრდილი რისკიდან გამომდინარე მიიღო. საბაჟოდან თამანშრონმლებისა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში მომხდარ მეწყერს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ქვეყანას მრავამილიონიანი ზარალი მიაყენა. 2014 წლის 20 აგვისტოს კი ღვარცოფი განმეორდა, რამაც ყაზბეგის საბაჟო დატბორდა და ზარალი მიაყენა მშენებარე ჰიდროელექტროსადგურს. 

კომენტარები