ენერგეტიკა

ენერგეტიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები ბოლო 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

townnews.com

საქსტატმა დღეს 2016 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ჩადებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.56 მილიარდი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით აქედან ენერგეტიკაში $117 მილიონი ჩაიდო, ეს კი 2011 წლიდან მოყოლებული ენერგეტიკაში ჩადებული ყველაზე მცირე ინვესტიციაა.

ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები 2011-2016 წლებში:

  • 2011 - $203 მილიონი
  • 2012 - $179 მილიონი
  • 2013 - $244 მილიონი
  • 2014 - $189 მილიონი
  • 2015 - $123 მილიონი
  • 2016 - $117 მილიონი

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ სექტორში ინვესტიციების ზრდაც შეიმჩნევა. მაგალითად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 2016 წელს $671 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. ასევე ინვესტიციების 17%-იანი ზრდა შეიმჩნევა მშენებლობის სექტორში, სადაც გასულ წელს $129 მილიონი ჩაიდო. 

უმსხვილესი საინვესტიციო სექტორების რეიტინგი და ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $671 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
  2. მშენებლობა - $129.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
  3. საფინანსო სექტორი - $129 მილიონი, კლება წინა წელთან 28%
  4. დამამუშავებელი მრეწველობა - $124 მილიონი, ზრდა წინა წელთან 85%
  5. ენერგეტიკა - $117 მილიონი, კლება წინა წელთან 6%
  6. უძრავი ქონება - $113 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
  7. სასტუმროები რესტორნები - $52 მილიონი, კლება წინა წელთან 62%
  8. სამთომომპოვებელი მრეწველობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან 44%
  9. ჯანდაცვა - $28 მილიონი, კლება წინა წელთან 81%
  10. სოფლის მეურნეობა - $8 მილიონი, კლება წინა წელთან 40%
  11. დანარჩენი სექტორები - $141 მილიონი, ზრდა წინა წელთან 400%

ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც საქართველოში შაჰ-დენიზის მილსადენის მსენებლობას უკავშირდება. შაჰ-დენიზისის მილსადენის გაფართოების პროექტი დღეისთვის ქვეყანაში მიმდინარე უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ორი ოფშორული ზონაც (პანამა და ვირჯინიის კუნძულები). ოფშორულ ზონებს ქართული ბიზნესები ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ 2016 წელს $287 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 18%-ია.

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - $558 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%
  2. თურქეთი - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 182%
  3. დიდი ბრიტანეთი - $118 მილიონი, კლება წინა წელთან 70%
  4. ნიდერლანდები - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 39%
  5. ლუქსემბურგი - $88 მილიონი, კლება წინა წელთან 25.5%
  6. პანამა - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680%
  7. ჩეხეთი - $64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 447%
  8. აშშ - $53 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
  9. ვირჯინიის კუნძულები - $44 მილიონი, ზრდა წინა წელთან 83%
  10. დანარჩენი ქვეყნები - $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%

კომენტარები