აშშ

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შარლოტსვილის მოვლენებში ორივე მხარე დამნაშავეა

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შარლოტსვილის მოვლენებში ორივე დაპირისპირებული მხარე დამნაშავეა.

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა და ნეო-ნაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გენერალი რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე, კონფედერაციული ძალების გენერალი იყო. ულტრანაციონალისტების მსვლელობის გასაპროტესტებლად კი ქუჩაში ანტი-რასისტული ჯგუფები გამოვიდნენ, რასაც მხარეებს შორის შეტაკება მოყვა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.

13 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, თუმცა კონკრეტულად ულტრამემარჯვენეებზე არაფერი უთქვამს, რასაც ამერიკულმა პრესისა და საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოყვა. ტრამპის განცხადებას აკრიტიკებდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრთა ნაწილიც. ამის შემდეგ, 14 აგვისტოს, ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა და რასიზმი და ქსენოფობია დაგმო. 15 აგვისტოს კი, ტრამპმა აღნიშნა, რომ დაპირისპირებაში მემარცხენე ფრთაც დამნაშავე იყო.

ტრამპმა ძეგლების აღების ინიციატივის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგია.

"დღეს ავიღებთ სტოუნოლ ჯექსონის [კონფედერაციის გენერალი] ძეგლს, ხოლო ხვალ ჯორჯ ვაშინგტონის და თომას ჯეფერსონის ძეგლებს? და ეს ყველაფერი სად მიგვიყვანს?", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ის ორივე დამფუძნებელი მამა მსხვილი მონათმფლობელი იყო და თუ ამ არგუმენტით უპირისპირდებიან კონფედერაციის გენერლების ძეგლებს, ამავე ლოგიკით, მათი ძეგლების აღებაც შეიძლება. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებსაც მიმართა და ისინი ისტორიის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

კომენტარები