დაკავებული ჟურნალისტი

ოკუპანტებმა ახალგორში დაკავებული ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს

თამარ მეარაყიშვილი
Facebook/ Tamara Mearakishvili

ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ პროკურატურიდან გაათავისუფლეს. მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ე.წ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ ისევ უნდა გამოცხადდეს. ჟურნალისტის დაკითხვა 18 აგვისტოს, 09:30 საათზეა დაგეგმილი. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტმა მხოლოდ დე ფაქტო რეჟიმის პროკურატურაში შეიტყო, რომ ბრალი ედება ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ "ცილიმსწამებლური ინფორმაციის" გავრცელებაში.

ოჯახის ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის ცხინვალში გადაყვანის პარალელურად, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა ახალგორში, დაკავებულის სახლიც გაჩხრიკეს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 ივნისს ჟურნალისტი დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და ის ისევ საკუთარ სახლში დააბრუნეს. თამარ მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროსაც განიხილეს. 

მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდსა და "ეხო კავკაზასთან" რესპონდენტის სტატუსით ხშირად წერდა და საუბრობდა რაიონის პრობლემებზე, მათ შორის მარიონეტ ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე. 

კომენტარები