ხმაური

შსს: ხმაურის ნორმების დარღვევაზე 35-ჯერ გამოგვიძახეს, რეაგირების ოქმები შევადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში კი, რეაგირების ოქმი შეადგინეს. შსს აღნიშნავს, რომ ორი შეტყობინების ინიციატორი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.

"კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეს წარმოადგენს, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები, ასევე, აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით.

კანონი, რომლითაც ქვეყანაში ხმაურზე რეგულაციები წესდება, 15 აგვისტოს შევიდა ძალაში.

კანონის მიხედვით, საცხოვრებლებში, ქუჩაში, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვებ ნორმაზე მეტად გადაჭარბება იკრძალება. პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

მთავრობამ 3 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლითაც ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე განისაზღვრა. ღამის ხმაურის დასაშვები დონე 55 დეციბელია.

კომენტარები