ტრამპ თაუერი

Silk Road Group: ტრამპის და ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ცდილობენ

ნიუ-იორკის ტრამპ თაუერი
Getty Images

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Silk Road Group New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატია "ტრამპის კორუფციულ ბიზნესს" განცხადებით პასუხობს. Silk Road Group-ის შეფასებით, მედიაში მიმდინარეობს დონალდ ტრამპის და მისი ბიზნესპარტნიორების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დამახინჯებული და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

New Yorker-ის სტატიაში წერია:

"2011 წელს ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში აშენებულიყო ტრამპ თაუერი. პროექტი ახლა შეჩერებულია, თუმცა მასში ტრამპს მილიონი დოლარი გადაუხადეს. აღნიშნული გარიგება საკმაოდ გაუმჭვირვალეა და ზოგიერთი ექსპერტი მას აღწერს, როგორც "კორუფციული ნიშნების შემცველს", რომელშიც საბანკო მაქინაციები და ფულის გათეთრება მონაწილეობდა. მეტიც, პროექტის ინვესტორი კომპანია Silk Road Group ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყაზახი ოლიგარქის დაფუძნებულია. ტრამპის მიერ საეჭვო გარემოებებში აღებული მილიონი შესაძლოა, ვლადიმირ პუტინის ხელში იქცეს იარაღად, რომლითაც მას ტრამპის დაშანტაჟება შეეძლება."

Silk Road Group-ის განცხადებაში წერია, რომ კომპანიის იურისტები აშშ-ში აღნიშნულ საკითხს სწავლობენ და რომ "კომპანია იტოვებს უფლებას, გამოვიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება საკუთარი უფლებების დასაცავად."

Silk Road Group-მა ტრამპის ორგანიზაციასთან 2011 წელს დადებული ხელშეკრულება ოფიციალურად 2017 წლის 6 იანვარს შეწყვიტა. ხელშეკრულების მიხედვით Silk Road Group-ი ბათუმის ცათამბჯენისთვის ტრამპის ბრენდს ყიდულობდა. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ ის ბათუმში ლუქს კლასის ცათამბჯენს მაინც ააშენებდა.

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. ბათუმში ტრამპ თაუერის აშენების იდეა Silk Road Group-ს ეკუთვნის.

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლობელები ბათუმის ვიზიტორი განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების მქონე პირები იქნებოდნენ.

კომენტარები