gem fest

ფინანსური პოლიცია: Gem Fest-ზე საქმე მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მუხლით აღიძრა

facebook.com/geo.nta.5

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლითაა აღძრული, რაც მოტყუებით, ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს.

უწყებამ უკვე დაკითხა კომპანია "არტ პლატფორმას" დირექტორი და ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა. სიგუას თქმით, გამომძიებელთა კითხვები შეეხებოდა იმას თუ როგორ დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსები.

"დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც ეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას, მათ შორის იმაზეც, თუ სახელმწიფო თანხები, რომლებიც იყო დახარჯული, რა, სად რამდენი. ამ კითხვებზეც გავეცი პასუხი. ჩვენ ამაზე წვდომა არ გვქონია და არ მიგვიღია ეს სახელმწფოს თანხები", - ამბობს სიგუა.

Gem Fest-მა მიიღო ბიუჯეტიდან 1.98 მილიონი ლარის პირდაპირი დაფინანსება, რომლითაც მას სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით აღნიშნული თანხა DJ-ების ჰონორარებში უნდა გადაეხადა. 

კანონის მიხედვით, 185-ე მუხლის მაქსიმალური სანქცია 2 წლამდე პატიმრობაა, მაგრამ თუკი მიყენებული ქონებრივი დაზიანების მოცულობა განსაკუთრებით დიდია აღნიშნული მუხლით პატიმრობა 4-დან 6 წლამდეა გათვალისწინებული.

ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც ფესტივალის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება წარმოეშვათ. 

კომპანია "არტ პლატფორმის" დირექტორი გიორგი სიგუაა, ის აღნიშნული კომპანიის 90%-იან წილს ფლობს. 10%-ის მფლობელი კი ლაშა წურწუმიაა.

გიორგი სიგუა 2014 წლამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2014-ში მისი გადადგომა "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში წარმოშობილ უთანხმოებას უკავშირდებოდა.

კომენტარები