ნაგავი

დედაქალაქში ნაგვის დაყრისთვის 557 ათასი ლარის ჯარიმებია დაწერილი

Reuters

2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე თბილსერვის ჯგუფის მიერ თბილისის დანაგვიანებისთვის დაწერილი ჯარიმების მოცულობა 557 ათას 890 ლარს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ დღეში დანაგვიანებისთვის 2436 ლარის ჯარიმა იწერება. აღნიშნული სტატისტიკა ტაბულამ ქალაქის დასუფთავების სამსახურისგან გამოითხოვა. 

2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე (229 დღე) სპეციალურმა სამანქანო ეკიპაჯებმა 479 სამართლადარღვევის ფაქტი გამოავლინეს, რაშიც მათ ჯამში 355 770 ლარის ჯარიმები გამოწერეს.

2017 წლის 20 აპრილს კი ქალაქში მოძრაობა სპეციალურმა ქვეითმა ინსპექტორებმა დაიწყეს. მათ დღემდე 1982 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, რომელთა მოცულობაც 202 120 ლარია. ინსპექტორები ძირითადად ქალაქის ისტორიულ ცენტრში მოძრაობენ.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ინსპექტორების მიერ დაჯარიმებულთა უმეტესობა 54% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

გარემოს დანაგვიანებისთვის არსებული ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • 2 კგ-მდე ნაგვის დაყრა - 80 ლარი
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობიდან - 100 ლარი
  • 2 კგ-ზე მეტი ნაგვის დაყრა - 150 ლარი
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობიდან - 500 ლარი
  • ძაღლის ან სხვა ცხოველის ფეკალური მასით გარემოს დაბინძურება - 50 ლარი (ფეკალური მასის აღების შემთხვევაში ჯარიმა არ იწერება)
  • 5-მდე საბურავის დაყრა - 150 ლარი
  • 4-ზე მეტი საბურავის დაყრა - 500 ლარი
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი.

კომენტარები