ესპანეთის ტერაქტის გამოძიებას ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს

ბარსელონას ტერაქტის გამომძიებლებს ახალი ეჭვმიტანილი 22 წლის იუნეს აბუიაქუბი ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ესპანური მედია წერს, რომ აბუიაქუბი ტერაქტის დროს სატვირთო მანქანას მართავდა. პოლიციელების თქმით, თავდამსხმელები უფრო დიდი ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა ოთხშაბათს ალკანარში აფეთქების შემდეგ, მათ ბომბი გაუნადგურდათ და იარაღად ავტომობილი გამოიყენეს. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის განოხრციელებაში მთავარი ეჭვმიტანილი 18 წლის მუსა უბაქირი იყო. ესპანური მედია წერდა, რომ სატვირთო მანქანას. უბაქირს ამ დრომდე ეძებენ.

ტერაქტის საქმეზე ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არის მუსა უბაქირის ძმა - 28 წლის დრის უბაქირი. სატვირთო მანქანა სწორედ დრის უბაქირის სახელით და დოკუმენტებით არის ნაქირავები, თუმცა ის აცხადებს, რომ მისმა ძმამ მისი პირადი დოკუმენტები მოიპარა და სატვირთო მანქანა მისი სახელით დაიქირავა.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბარსელონაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტ კემბრილსზეც ტერაქტი მოხდა. მანქანა ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი კი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის 1 პოლიციის ოფიცერია. ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელების მანქანა ამოყირავდა და როდესაც თავდასხმელები მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა - ხუთივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. პოლიციის მტკიცებით, კემბრილსზე თავდამსხმელებს ბარსელონაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდათ.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები