გაერთიანებული სამეფო

არა, 91 წლის დედოფალი უფროსი ვაჟისთვის მართვის სადავეების გადაცემას არ აპირებს

დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჩარლზი

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი არ აპირებს პრინც ჩარლზისთვის მმართველობის დათმობასა და რეგენტობის შეთავაზებას. გავრცელებული ხმები, რომ 91 წლის დედოფალს შესაძლოა სამეფო გვირგვინი უფროსი ვაჟისთვის სიცოცხლეშივე გადაეცა, Sunday Times-თან ინტერვიუში სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა სამმა დამოუკიდებელმა წყარომ უარყო.

65 წელია, რაც ელისაბედ მეორე სამეფო ტახტზე ზის. ბრიტანეთის მონარქებს შორის, მან გვირგვინი ყველაზე დიდხანს ატარა. წყაროები ამბობენ, რომ დედოფალი უერთგულებს ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

1937 წელს რეგენტობის შესახებ მიღებული აქტის თანახმად, ჯანრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მონარქს შეუძლია კანონიერ მემკვიდრეს მართვის სადავეები გადასცეს და რეგენტად დანიშნოს. უკანასკნელად რეგენტის ინსტიტუტი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს.

ჭორები, რომ დედოფალი შესაძლოა მოვალეობათა შესრულებას ჩამოსცილებოდა, მას მერე განახლდა, რაც რამდენიმე კვირის წინ, მისმა მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა 96 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.

კომენტარები