ხანძარი

შსს: 20 აგვისტოს, მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძარი ჩააქრეს

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს, შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა სურამში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომის სოფელ ქვაბისხევში. შსს-ს ცნობით, მეხანძრეებმა ოთხივე ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში გაჩენილ ხანძარს, იქ 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება და ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.

"მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, დაახლოებით, 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით, 3000 კვ/მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.

ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, 1ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი" - აცხადებს შსს.

კომენტარები