აზარტული თამაშები

რა ზომისაა საქართველოს სათამაშო ინდუსტრია


ფოტო: Reuters

სათამაშო ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ ნაწილად იქცა. ინტერნეტისა და სმარტფონების გავრცელების ფონზე კი აზარტულ თამაშებთან მოსახლეობის წვდომა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 

იმის გასარკვევად თუ ზუსტად რა ზომისაა აზარტული თამაშების სექტორი ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 138 ბიზნესი რომელიც აზარტული თამაშების მოწყობით არის დაკავებული. 2016 წელს აღნიშნული კომპანიების მთლიანმა ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 33 მილიარდი ლარი იყო.

ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი ლარი მოდის.

აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა ყველაზე მეტად 2015 წელს გაიზარდა. 2014-ში სექტორის მოცულობა 2.1 მილიარდი ლარი იყო, 2015-ში კი მან 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 76%-იან ზრდას ნიშნავს. 2016 წელს სექტორის ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის მაისის მდგომარეობით სათამაშო ბიზნესი 6480 ადამიანს ასაქმებს. 

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც კაზინოებს გაზრდილი მოსაკრებლის გადახდა უწევთ. ამ ცვლილების შედეგად წლის პირველ ნახევარში მობილიზებულია 145 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 2016 წლის სრულ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.

უფრო კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მიერ წელს გადახდილი გადასახადები ასე გამოიყურება:

  • სანებართვო მოსაკრებლები - 17.6 მილიონი ლარი
  • სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 61.2 მილიონი ლარი
  • საშემოსავლო გადასახადი - 18 მილიონი ლარი
  • მოგების გადასახადი - 38 მილიონი ლარი
  • დღგ - 5.7 მილიონი ლარი
  • აქციზი - 2.6 მილიონი ლარი
  • სხვა - 4 მილიონი ლარი

იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს მეზობელ თურქეთში კაზინოები 1998 წლიდანაა აკრძალული საქართველოს სათამაშო სექტორი უცხოელი ვიზიტორების ნაკადსაც იზიდავს. 

კომენტარები