რობოტები

ილონ მასკი "მკვლელი რობოტების" წინააღმდეგ გაეროს ღია წერილით მიმართავს

Paramount Pictures

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ერთ-ერთია 116 მკვლევრისგან შემდგარ ჯგუფში, ვინც ხელი მოაწერა ღია წერილს გაეროსადმი რათა აიკრძალოს ავტონომიური იარაღის - "მკვლელი რობოტის" განვითარება. ამ ჯგუფში რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტოს ექსპერტები არიან გაერთიანებული.

"მკვლელი რობოტი" არის სრულად ავტონომიური იარაღი რომელსაც შეუძლია აირჩიოს სამიზნე ადამიანის ჩარევის გარეშე. ის ამჟამად არ არსებობს, მაგრამ ტექნოლოგიური განვითარება ამ მიმართულებით ნელ-ნელა უფრო აახლოვებს მას რეალობასთან.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ავტონომიური იარაღი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოკლას ადამიანის ინტერვენციის გარეშე "მორალურად გაუმართლებელია" და მისი გამოყენება უნდა კონტროლდებოდეს 1983 წლის კონვენციით, რომელიც არეგულირებს ისეთ იარაღს როგორიცაა სახმელეთო ნაღმები და ქიმიური იარაღი.

წერილის შინაარსი მელბურნში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საერთაშორისო ერთობლივ კნოფერენციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტობი ველშმა გაასაჯაროვა.

მსგავსი კონფერენციები ადრეც გამოუყენებიათ ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების განხილვის პლატფორმად. ორი წლის წინ მსგავს კონფერენციაზე ღია წერილი, რომელსაც ხელს სხვა ექსპერტებთან ერთად ილონ მასკი და სტივენ ჰოკინგიც აწერდნენ, გაუგზავნეს გაეროს ამ აკრძალვის შემოღების მოთხოვნით.

წერილში აღნიშნულია, რომ მსგავსი იარაღი გამოიწვევს მესამე რევოლუციას ომის წარმოებაში და გაზრდის კონფლიქტების მასშტაბებს. "ეს შეიძლება იქცეს ტერორის იარაღად, იარაღად, რომელსაც დესპოტები და ტერორისტები გამოიყენებენ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს დიდი დრო სამოქმედოდ. მას შემდეგ რაც პანდორას ყუთი გაიხსნება, მისი დახურვა რთული იქნება.“ წერილი სრულდება თხოვნით გაეროსადმი რომ ნაპოვნი იყოს გზა მოსახლეობის მსგავსი საფრთხისგან დასაცავად.

ხელმომწერებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე გუგლის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მუსტაფა სულეიმანი.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით ათობით ქვეყანა, მათ შორის აშშ, ჩინეთი, ისრაელი, სამხრეთ კორეა, რუსეთი და ბრიტანეთი, ამჟამად მუშაობს ავტონომიური იარაღის სისტემების შექმნაზე.

კომენტარები