ხანძარი

საზმაუ: ხანძრის გამო, სოფელ დაბის მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებს

Eto Merebashvili/fb.com

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფრომაციით, ბორჯომის რაიონის სოფელი დაბის მოსახლეობის ნაწილი ხანძრის გამო სახლებს ტოვებს.

როგორც მოამბესთან ინტერვიუში ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განაცხადა, სახლს იმიტომ ტოვებს, რომ ეზოში ნაკვერჩხლები ცვივა.

"სახლი იმიტომ დავტოვეთ, რომ უკვე ნაკვერჩხლები ცვივა ეზოში და აშკარად ფერფლი მოდის. მთელმა ოჯახმა დავტოვეთ სახლი. ჯერ აქ ვართ და მერე არ ვიცი, რა იქნება. ხანძარი 500 მეტრშია. ცეცხლი მთელი დღის განმავლობაში იყო. კვამლის სუნიც იგრძნობა", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოამბესთან საუბრისას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბასთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.

სოფელ დაბას მიმდებარედ მთის ქედზე გაჩენილია ხანძრის ახალი კერები, ცეცხლი ტყის მასივსაც მოედო.

სამინისტროს განცხადებით, მაშველებს ხილვადობაში ხელს გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება უშლის.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

კომენტარები