საგანგებო შტაბი: ბორჯომში რამდენიმე ათეული ჰექტარი დაიწვა

Giorgi Kvirikashvili/fb.com

საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.

"გამთენიისას, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თროთის გზამდე 3-კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის" - აცხადებს საგანგებო შტაბი და განმარტავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

"მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100 - ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. გუშინ მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მოხდინეს, თუმცა ქარის გამო, ხანძრის კერები კვლავ განახლდა და ცეცხლმა იმატა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი გუშინ ღამით შექმნა. 

კომენტარები