საქართველო-უკრაინა-რუსეთი

146-ე სკოლის 6 მოსწავლე ოკუპირებულ ყირიმში რუსული ენის შესასწავლად გაემგზავრა

თბილისის 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ და ოკუპირებულ ყირიმის რეგიონში მდებარე საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკში" გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ადასტურებს. 

Sputnik Georgia-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, არტეკში გამგზავრებული მოსწავლეები ყვებიან, რომ ცენტრის შესახებ ინფორმაცია მათ რუსულის პედაგოგმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მიაწოდა. 

"ჩვენ კონკურსისთვის მზადება დავიწყეთ. გადავიღეთ სხვადასხვა ვიდეო, შემდეგ კი, გავაკეთეთ სლაიდი თემაზე "რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში", გავიარეთ მათ მიერ შედგენილი ტესტები. თავიდან სკოლაში ბევრი მსურველი იყო, მაგრამ შემდეგ რატომღაც მათი რიცხვი შემცირდა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით. ბანაკი ძალიან მოგვწონს,"- ყვება ლუკა ჯოლოხავა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და მომხდარი განუმარტეს. მათი თქმით, ისინი კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლიან, იყო ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება.

"სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვიცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ. 

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს მოუწოდებს, მომავალში მეტი ინფორმაცია მიიღონ და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ. 

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის გვერდის ავლით მოხვდებიან, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

კომენტარები