საჯარო ფინანსები

მოადგილეებს მინისტრებზე, მინისტრებს კი პრემიერმინისტრზე მაღალი ანაზღაურება აქვთ

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობაში ანაზღაურების ალოგიკური სისტემა მოქმედებს. რომლის მეშვეობითაც მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ, მინისტრებს კი პრემიერმინისტრზე მაღალი ანაზრაურება აქვთ. ზოგიერთი მოადგილე პრემიერზე ორჯერ მეტ ანაზრაურებას იღებს.

გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 51 369 ლარი აიღო. ამის შესახებ პრემიერმა საკუთარ დეკლარაციაში მიუთითა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კი მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურებები აიღეს, თეა წულუკიანმა დეკლარაციაში 75-ათასიანი ანაზღაურება მიუთითა, საიდანაც 32 ათასი დანამატი იყო. წულუკიანის ანაზღაურება პრემიერისას 24 ათასი ლარით აღემატება.

წულუკიანის მსგავსად, სხვა მინისტრებმაც გასული წლის განმავლობაში 75-ათასიანი ანაზღაურება აიღეს.

რატომ აქვთ მინისტრებს მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურება:

სინამდვილეში, კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრის ხელფასი პრემიერის ხელფასზე ნაკლებია. კანონის მიხედვით, პრემიერის ხელფასი განისაზღვრება თვეში - 4 250 ლარით (51 ათასი წლიურად), მინისტრის ხელფასი კი, 3 540 ლარით (42 ათასი წლიურად). თუმცა, 2014 წელს, პრემიერის მიერ გამოცემული ბრძანების შედეგად, მინისტრებს თვეში 2 710 ლარის ოდენობით (32 ათასი წლიურად) დანამატი დაენიშნათ. მთავრობის მეთაური დანამატს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზით არ იღებს.

მინისტრის მოადგილეები რიგ შემთხვევებში მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ:

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2016 წელს 99 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო, ეს კი მინისტრის ანაზღაურებას 24 ათასით აღემატება. მინისტრზე მაღალი ანაზღაურება აიღო ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ - გიორგი კაკაურიძემ, მან გასულ წელს 88 ათასი გამოიმუშავა. ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ანაზღაურების სახით 102 ათასი ლარი აიღო, ეს კი, მინისტრის ხელფასს 27 ათასით აღემატება. კალაძის კიდევ ერთმა ყოფილმა მოადგილემ და მოქმედმა მინისტრმა ილია ელოშვილმა გასულ წელს 89 ათასი გამოიმუშავა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ 83 ათასი გამოიმუშავა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა 78 ათასი აიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ დავით დონდუამ ბიუჯეტიდან ჯამში 96 ათასი ლარის ანაზრაურება მიიღო. 

კომენტარები