საგანგებო შტაბი: ხანძრის ლოკალიზებას ისევ მეტეოროლოგიური პირობები ართულებს

საქართველოს მთავრობა

საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.

"გუშინ მაშველებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა" - აცხადებს საგანგებო შტაბი და აღნიშნავს, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ

"გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა" - ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი 12 ჰექტარია. 

კომენტარები