საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.
ღამის მანძილზე, ბორჯომის ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან.
ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. ორშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა.