ხანძარი

თავდაცვის სამინისტრო: ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

"ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს პრევენციის მიზნით ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა.

სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს გამართავს.

კომენტარები