შესყიდვები

შსს ობის გამო 104 ტონა შოკოლადის შესყიდვაზე გაფორმებულ კონტრაქტს წყვეტს

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტრაქტს წყვეტს კომპანიასთან, რომელმაც უწყებას ობიანი შოკოლადი მიაწოდა. კომპანიასთან სამინისტროს 104 ტონა ტკბილეულის შესყიდვაზე აქვს ხელსეკრულება დადებული. სამინისტრომ შესაბამისი წერილით კომპანია "ბუერის" დირექტორს ლაშა თოფურიას უკვე მიმართა. 

"მიმინარე წლის 18 ივლისს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოში მოსამსახურეთა გარკვეულმა ნაწილმა უკან დააბრუნა დღიური ნორმით გათვალისწინებული შოკოლადი შიგთავსში აღმოჩენილი ობის გამო (გამოშვების თარიღი – 20.04.2017). აღნიშნული ფაქტის შესახებ გეცნობათ და შედგა შესაბამისი აქტი (18.07.2017), რომლის თანახმად აიღეთ ვალდებულება ნაშთად არსებული წუნდებული შოკოლადი (გამოშვების თარიღი – 20.04.2017) შეგეცვალათ ახლით. 

შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა 2017 წლის 19 ივლისს მოგმართათ წერილით N1718363 შოკოლადის (გამოშვების თარიღი 20.04.2017) გაფუჭების მიზეზების დასადგენად და წუნდებული შოკოლადის ეტაპობრივად გამოცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ბუერი“-ს შორის 2017 წლის 06 აპრილს გაფორმებული N255 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს წინამდებარე ხელშელკრულება და ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრება 65 954,64 (სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარით. მოგმართავთ, არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოთ დაკისრებული ჯარიმა - 65 954,64 (სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარი", - წერია შსს-ს წერილში. 

კომენტარები