მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია

საქალაქო სასამართლო: ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის კოლეჯის ერთერთი მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ექსტრადიციას დაექვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელებაზე.

"საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ე. ჩ. ეჭვმიტანალია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ამავე ორგანიზაციის მითითებების შესაბამისად მოქმედებაში.თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, რაც თურქეთის რესპუბლიკის ტერორიზმთან ბრძოლის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია გაიზარდოს 2/3-ით.

სასამართლომ შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე ვერ უზრუნველყოფს საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სათანადო ქცევას. სასამართლომ განმარტა, რომ კვლავ სახეზეა ის საფრთხეები, კერძოდ მიმალვის საფრთხის მაღალი რისკი, რომლის გათვალისწინებითაც 2017 წლის 25 მაისს მ.ე. ჩ.-ს შეეფარდა პატიმრობა,"- წერია განცხადებაში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები