რუსეთი

რუსეთის ელჩი სუდანში თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს

mid

რუსეთის ელჩი სუდანში მირგაიას შირინსკი თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შირინსკი სუდანის დედაქალაქში, ხართუმში იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

უწყება ამბობს, რომ დიპლომატი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, მიზეზი კი ჯერ უცნობია. 

AFP პოლიციელებზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობის ვერსია არ განიხილება. სუდანის პოლიციის ოფიცერმა მათთან საუბრისას თქვა, რომ ის "აუზში ცურვისას გარდაიცვალა". 

"მწუხარებით გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს ქალაქ ხართუმში გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის ელჩი მ. შირინსკი", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს twitter-ზე.

შირინსკის დიპლომატიური კარიერა 1977 წელს დაიწყო, ის არაბულ ქვეყნებში ჯერ საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მისიაში, სემდგომ კი რუსეთის ფედარაციის დიპლომატიურ მისიაში საქმიანობდა. ის სუდანში 2013 წლიდან ასრულებდა ელჩის მოვალეობას. იქამდე მას ელჩის პორტფელი რუანდაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და იემენში ეკავა. 

გარდაცვალებამდე შირინსკი რუსეთში სუდანის პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ-ბაშირის ოფიციალური ვიზიტის ორგანიზებით იყო დაკავებული. 

კომენტარები