სტრასბურგის სასამართლო

26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტრო ევრომოსამართლეობის რვა მსურველს გაესაუბრება

Newsweek

ხვალ, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში ევრომოსამართლის პოზიციაზე ორი კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია რვა პრეტენდენტს გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 - იურისტია. კომისიამ შეაფასა განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ხვალინდელ გასაუბრებაზე მიიწვიოს:

ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);

თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017); 

ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);

იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017); 

კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);

კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);

ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ფრანგული ენის სერტიფიკატი INSTITUT FRANCAIS-2017); 

ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2017).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად ახალი, უკვე მესამე კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე, მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გეწაძე და ჯაფარიძე ასაკის და შესაბამისად მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების გამო გამოეთიშნენ კონკურსს.

კომენტარები