სტრასბურგის სასამართლო

კოალიცია: ევრომოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევაში მონაწილეობას არ მივიღებთ

TI

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ევრომოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს. კოალიციას არ აქვს მოლოდინი, რომ კომისიის იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის.

"კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. საჯარო განცხადებასთან ერთად, კომისიაში კოალიციის წარმომადგენელმა კომისიას ელ-ფოსტის საშუალებით იმავე დღეს აცნობა კოალიციის აღნიშნული პოზიცია. სამწუხაროდ აღნიშნული პოზიცია სახელმწიფომ არ გაიზიარა. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას" - ნათქვამია წერილში, რომელსაც კოალიციის თავმჯდომარე ეკა გიგაური ევრომოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიას უგზავნის.

ხვალ, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში ევრომოსამართლის პოზიციაზე ორი კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია რვა პრეტენდენტს გაესაუბრება.

სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე −დავით ზალკალიანი;
  • საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი− მერაბ გაბინაშვილი;
  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;
  • საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი;
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ (სიფა) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;
  • სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად ახალი, უკვე მესამე კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე, მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა. იქამდე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი დაიწუნა.

კომენტარები