ჰომოფობია

ომბუდსმენი: პოლიციის შესაძლო ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს

Facebook/ Levan Berianidze

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროული რეაგირება ჰქონდეს – პოლიციის მხრიდან თანასწორობის მოძრაობის წევრების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აჭარისა და გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი მოინახულეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში, მათ და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს უცხო პირები დაესხნენ თავს.

"მათ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს დახმარება, რომლებიც თავდასხმას უმოქმედოდ აკვირდებოდნენ; შემდეგ კი ძალის გამოყენებით მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური ნიშნით. დაკავებულთა ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მათი უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს. მათი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაშიც.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის უმოქმედობაზე და მათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ. იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მსგავსი ქმედებების წახალისება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროული რეაგირება განახორციელოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თითოეულ ფაქტზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს" - აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები