არა ჰომოფობიას

ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

Facebook/ Equality Movement/ თანასწორობის მოძრაობა

"შეწყდეს პოლიციური ტერორი, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!"- აქცია ამ სახელწოდებით დღეს მთავრობის კანცელარიის წინ თანასწორობის მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა. 

აქციის მონაწილეები გუშინ გვიან ღამით ბათუმში მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის თორნიკე კუსიანის ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემას აპროტესტებენ. 

"ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განვიცდით ზეწოლასა და უთანასწორო მოპყრობას. ჩვენზე ძალადობს არა მხოლოდ საზოგადოების ჰომობიურად განწყობილი ნაწილი, არამედ ძალადობს სახელმწიფოც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ლგბტ ადამიანები თვითონ ხდება ამ ძალადობრივი ქმედებების თანამონაწილე,"- აცხადებს მოძრაობა. 

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, ვიცეპრემიერებს, პარლამენტის წევრებსა და საქართველოს პროკურატურას მიმართავენ, დაუყონებლივ გამოიძიონ ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები. 

"დასრულდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ გულგრილობა, ჩაგვრა, ჰომოფობიის წახალისება და ამ საკითხით პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირება.
დაიწყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად სისტემური ცვლილებები, რაც გულისხმობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ბრძოლის წინააღმდეგ რეალური, ქმედითი პოლიტიკის შემუშავებისთვის".

ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი თორნიკე კუსიანი გუშინ გვიან ღამით ბათუმში დააკავეს. 

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებიან, რომ ისინი გუშინ გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვება, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძე ადვოკატს უყვვება, რომ პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძის თქმითვე, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. ბათუმის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ღოღობერიძის თქმით, პოლიციელებმა მათ "გაშიშვლება, ჩახდა და წაკუზვა" მოსთხოვეს. 

მისი თქმით, იგივე განმეორდა მაშინაც, როცა სამედიცინო დახმარება ითხოვეს. თანასწორობის მოძრაობის დირექტორი ადვოკატს უყვება, რომ ექთანმა მათი დაზიანებები ბლანკზე არასრულად აღნიშნა და მხოლოდ "ნაკაწრებად" მოიხსენია. 

ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაზარალებულების ბრალდებებზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. შსს კი აღნიშნავს, რომ ისინი პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

ბერიანიძე და კუსიანი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ხელწერილით გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 26 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები