სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც მთავრობას წარედგინება, ცნობილია

Newsweek

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ოთხი კანდიდატი გამოავლინა. კომისიამ კონკურსი „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ბოიკოტის ფონზე დაასრულა.

კანდიდატები, რომელსაც კომისია მთავრობას წარუდგენს, არიან: ლალი ფაფიაშვილი (4.82 ქულა), თამარ ალანია (4.45 ქულა), ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი (თითოეულს 3.75 ქულა).

ამ ოთხი კანდიდატიდან მთავრობა ორს შეარჩევს და საქართველო მესამედ ცდის სტრასბურგში მოსამართლეების წარდგენას. ორიდან ერთი კანდიდატი მაინც ქალი უნდა იყოს.

კომისიამ გასაუბრება დღეს შვიდ კანდიდატთან ჩაატარა. კონსტანტინე კორკელიამ 2.55 ქულა მიიღო, კონსტანტინე ვარძელაშვილმა - 2 ქულა, ირაკლი ადეიშვილმა კი -1.64.

შესარჩევ კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა მერვე კანდიდატი ნინო ბაქაქური.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან კოტე ვარძელაშვილთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი და კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი.

ვარძელაშვილმა წულუკიანის და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრის აცილება და მათი სათადარიგო წევრებით ჩანაცვლება გუშინ ითხოვა. წულუკიანმა დღეს თქვა, რომ ვარძელაშვილის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, მაგრამ ის მასთან გასაუბრებასა და შეფასაბაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

„იუსტიციის მინისტრმა თავად აღარ მიიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. ჩემთვის გაუგებარია, როგორ წარიმართება შეფასება, კენჭისყრა, ვინაიდან ერთი წევრი გამოაკლდა. გამოკლებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. გადაწყვეტილება მიიღება გარკვეულწილად ქულების დაჯამების გზით. მართალი გითხრათ, არც მესმის, როგორ შეიძლება, გადაწყვეტილება მიიღოს კომისიამ,“ - თქვა მოგვიანებით ვარძელაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად უკანასკნელი, უკვე მესამე კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. მანამდე წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე, მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა. დღევანდელი გასაუბრება სწორედ ამ ორი კანდიდატის ჩასანაცვლებლად იმართებოდა. იქამდე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი დაიწუნა.

კომენტარები