Game of thrones

GOT-ის ფანების პოპულარული თეორია - ბრან სტარკი ღამის მეფეა?

სამეფო კარის თამაშების ფანებს დღემდე უამრავი დამაჯერებელი თუ ნაკლებსავარაუდო თეორია შეუქმნიათ. ერთერთი მათგანი სერიალის მეშვიდე სეზონის დასასრულს განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

ბრან სტარკი ღამის მეფეა, ყველაფერი მისი ბრალია - ამ თეორიას ახალი სიცოცხლე Reddit-ის ერთერთმა მომხმარებელმა შესძინა. თეორია იმდენად აიტაცეს, რომ თუ Game of Thrones-ით დაინტერესებული ხართ, მის მხარდამჭერ თუ არა, უარმყოფ სტატიებს მაინც წააწყდებოდით.

 

 

თეორიის არსი შემდეგია: ბრანი, თავის შესაძლებლობების გამოყენებით, სულ უფრო და უფრო ღრმა წარსულში მოგზაურობს. მიზანი თეთრი მოხეტიალეების დაბრუნების თავიდან აცილება ან საერთოდ მათი გაქრობაა. მცდელობებს ბრანი ღამის მეფის სხეულში გამომწყვდევით ასრულებს და მოვლენათა იმ ჯაჭვს ქმნის, რომელსაც აწმყოს ქაოსამდე მივყავართ - სწორედ იქამდე, რის თავიდან არიდებასაც ცდილობდა.

მივყვეთ დაწვრილებით:

როგორც ვიცით, ბრანს აქვს ხილვები, შეუძლია იმოგზაუროს წარსულსა და მომავალში, ჩასახლდეს და აკონტროლოს სხვისი სხეული. ხსენებული უნარები მას შესაძლებლობას აძლევს, გავლენა მოახდინოს წარსულზე (მიუხედავად იმისა, რომ ვიცით - "მელანი მშრალია"). გავიხსენოთ ჰოდორის ეპიზოდი, ასევე ახალგაზრდა ნედ სტარკის რეაქცია როდესაც მომავლიდან მოვლენილმა ბრანმა დაუძახა „მამა!“.

ამრიგად, ბრანს, მომავალი დიდი ომის საზარელი შედეგების ხილვის შემდეგ, შესაძლოა წარსულში წასვლა და ყველაფრის გამოსწორება გადაეწყვიტა.

ის ჯერ აერის II ტარგარიანს ეწვია და მისი გაფრთხილება სცადა, მაგრამ, ამის ნაცვლად, მეფე გაგიჟდა. ამრიგად, თეორიის მიხედვით, ხმები, რომლებიც მეფეს ეუბნებოდნენ „ყველა დაწვი“, სინამდვილეში ბრანს ეკუთვნოდა, რომელიც მას თეთრი მოხეტიალეების განადგურებისკენ მოუწოდებდა, სანამ მათი არმია ძალას მოიკრებდა.სწორედ ამიტომ იყო შეშლილი მეფის ბოლო ბრძანებაც - „ყველა დაწვით“.

მომდევნო ჯერზე ბრანი გაცილებით შორეულ წარსულში წავიდა. მას სურდა, შეესწავლა, როგორ შეაჩერეს ადამიანებმა თეთრი მოხეტიალეები, მაგრამ დააგვიანდა. სანაცვლოდ, ლეგენდარული გმირის ბრან მშენებლის სხეულში ჩასახლდა და ცნობილი კედელი ააშენებიდა, მტრისგან თავდასაცავად.

მესამე ცდაზე ბრანმა მოინდომა, საერთოდ თეთრი მოხეტიალეების შექმნისთვის შეეშალა ხელი და იმ პირველი კაცის სხეულში ჩასახლდა, რომლისგანაც ტყის შვილებმა პირველი თეთრი მოხეტიალე - ღამის მეფე შექმნეს, ადამიანებისგან თავდასაცავად. ბრანს ტყის შვილები უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოხდა - კაცი, რომელშიც ბრანი იყო ჩასახლებული, ღამის მეფედ იქცა, ბრანი კი მის სხეულში გამომწყვდეული დარჩა. ალბათ გახსოვთ, როგორ აფრთხილებდა მას სამთვალა ყორანი, რომ წარსულში ან სხვის სხეულში დიდი ხნის მანძილზე დარჩენის შემთხვევაში, შეიძლება უკან ვეღარ გამოეღწია.

კიდევ ერთი დეტალი - როდესაც ბრანს ღამის მეფის შექმნის ხილვა აქვს, მისი გამოქვაბულში მყოფი სხეული ფესვებს იმ კაცივით ეჭიდება, რომელშიც, თეორიის მიხედვით, ჩასახლებული იყო.

ეს თეორია იმასაც ხნის, რატომ გაუშვა ღამის მეფემ ჯონ სნოუ ჰარდჰოუმის ბრძოლის დროს - ღამის მეფე-ბრანმა ათასწლეულების შემდეგ პირველად ნახა ოჯახის წევრი. ამრიგად, თეორია გვეუბნება, რომ ნაით კინგში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მცირეოდენი ბრანი.

ცხადია, ამ თეორიას ბევრი მოწინააღმდეგეც ყავს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ ვარაუდებს მათი არგუმენტებით უპირისპირდებიან.

კომენტარები