კრიპტოვალუტების გლობალური ბაზარი $140 მილიარდს აჭარბებს

Reuters

გლობალურ ბაზრებზე კრიპტოვალუტების ღირებულება სწრაფად იზრდება, ზრდა ეხება როგორც ბიტკოინს, ასევე სხვა კრიპტოვალუტებსაც. 28 აგვისტოს მდგომარეობით 1 ბიტკოინი $4282 დოლარი ღირს, ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება (საბაზრო კაპიტალიზაცია) კი $70.5 მილიარდი დოლარია, მხოლოდ აგვისტოში ბიტკოინი 40%-ზე მეტად გაძვირდა. ბიტკოინი $140-მილიარდიანი გლობალური კრიპტოვალუტების ბაზრის ნახევარს შეადგენს. ღირებულებით მეორე ადგილზე ეთერიუმი იმყოფება, ამ ვალუტის ღირებულება წელს 30-ჯერ გაიზარდა. იანვარში ერთი ეთერიუმი $10.5 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება $300-ია. ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ეთერიუმის საერთო ღირებულება) $32 მილიარდი დოლარია. მსოფლიოში სულ 11 კრიპტოვალუტაა, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აჭარბებს, წარმოგიდგენთ მათ საბაზრო კაპიტალიზაციას.

რა არის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები?

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. ასევეა სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც.

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის და ზოგადად ყველა კრიპტოვალუტის უარყოფითი მხარე მათიზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

კომენტარები